ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, მმართველი პარტია ე.წ. რუსულ კანონს დღეს, პირველი მოსმენით მიიღებს.
"ერთადერთი მოიფიქრეს ის, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, მერე გაირკვევა, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა რა იყო? რომ ჩაეშალა ეს სხდომა.
მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში თავისი გავლენები ბევრ სახელმწიფოს უნდა. როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან. ეს ვერ გავაგებინეთ ამ უსამშობლოებს. ამათ მარტო ის ესმით, რომ ცალ ფეხზე უნდა იდგნენ და რასაც დაუკვეთავენ, ის აკეთონ - გამორიცხულია. ჩვენ ამ კანონს პირველი მოსმენით დღეს მივიღებთ", - თქვა ზარქუამ.
ცოტა ხნის წინ, იურიდიულ კომიტეტზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კანონპროექტის მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.
პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.